ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა, მთლიანობაში 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
„ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. იწვოდა მესამე სართულზე ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა, მთლიანობაში დაახლოებით 200 კვ.მ.-ზე. იყო ხანძრის გავრცელების საშიშროება, მაგრამ ლოკალიზაცია მოხდა დროულად. ხანძრის ქრობასთან ერთად, მიმდინარეობდა ხალხის ევაკუაცია ქვედა სართულებიდან. ადგილზე მობილიზებული იყო 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრისგან დაშავებული არავინ არის“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ხანძარი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.