ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები სრულყოფილად 6 თვეში დაიწყება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები სრულყოფილად 6 თვეში დაიწყება. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით 6 თვეში დასრულდება სამუშაოები, რომლებიც სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვისთვის არის საჭირო.
მისი თქმით, ამის შემდეგ კომპანია სამგზავრო გადაყვანების დაწყების მიმართულებით იმუშავებს.
რაც შეეხება ზოგადად „აბრეშუმის გზის“ იდეას, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ საქართველო ამ მიმართულებით წარმატებული იყოს.
„სატვირთო მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით 6 თვეში, დასრულდება სამუშაოები, რომლებიც საჭიროა სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვისთვის. შემდეგ, უკვე კომპანია ისეთ სამუშაოებზე გადაერთვება, რომელიც სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, არსებობს კომპლექსური სტრატეგია, ვინაიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება საკმარისი არ არის.
„ერთი მიმართულების განვითარება, რა თქმა უნდა, მოგვცემს შედეგს, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც გვჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ხორციელდება ანაკლიაში. თითოეული პროექტი ერთად, საშუალებას მოგვცემს, საქართველო იქცეს თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ წამყვან ქვეყნად და ბუნებრივია, ეს ქვეყანას ძალიან ბევრ დივიდენდს მოუტანს“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.