ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად დღეიდან გაიხსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობს.
კურორტზე საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკია, რომლით სარგებლობა, როგორც პროფესიონალ ველომრბოლელებს, ასევე მოყვარულებს შეუძლიათ. ზამთრის მსგავსად, ზაფხულის სეზონზეც ფუნქციონირებს 2016 წელს დამონტაჟებული ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა.
გარდა ამისა, მუშაობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრი „ბაკურიანი“, სადაც ყოველ კვირაში პრემიერას წარადგენენ. კინოთეატრშივეა განთავსებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ტურისტებს სასურველ ინფორმაციას აწვდის, როგორც ტურისტული პროდუქტების, ასევე მომსახურების შესახებ. ცენტრში აბონიმენტების შეძენაც შესაძლებელია და ასევე, ამომწურავი ინფორმაციის მიღება, ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგსა და სხვა საკითხებზე.