ბაკურ კვაშილავა - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ სტანდარტებთან ადაპტირებულია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს
ბაკურ კვაშილავა - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ სტანდარტებთან ადაპტირებულია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ სტანდარტებთან ადაპტირებულია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს. ისევე, როგორც ჩვენი ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ – ამის შესახებ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ავტორიზაციის გავლის წესის ცვლილება, ბაკურ კვაშილავამ თქვა, რომ ამან ინსტიტუტისთვის ერთი შედეგი უკვე მოიტანა, რადგან ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადება უკვე დაიწყო.

„ამაში ჩვენი უნივერსიტეტის აბსოლუტურად ყველა რგოლია ჩართული და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიცით, რომ ეს ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება, მაგრამ ვთვლით, რომ ეს მინიმალური სტანდარტია, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. მნიშვნელოვანია, სტანდარტის იმპლემენტაციის დროს ხაზი გაესვას შინაარსს და არა ფორმალურ მომენტებს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შვიდ სტანდარტიან წესზე გადასვლით მოიმატებს თუ სწავლის ხარისხი, ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ ეს სწავლის ხარისხის ზრდის ერთ-ერთი საფეხურია.

„ამასთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფომ უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. მნიშვნელოვანია იმ მიმართულებების წახალისება, რომელიც კვლევით და სამეცნიერო კომპონენტს გააძლიერებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუფუნებაა. ერთადერთი, სადაც კვლევები ქვეყნდება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო დარგებია და კვლევების გამოქვეყნება იმ დარგებში უფრო და უფრო გვიჭირს, რომელიც სოციალურ, თუ სხვა მეცნიერებებს ეხება“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, ხუთ-ექვს უნივერსიტეტში სწავლება პრობლემატურია, მაგრამ ცუდი არ არის, თუ პროფესორს ამის საშუალება ექნა, ორ უნივერსიტეტში ასწავლოს.

აფილირება იმ გაგებით სწორია, რომ პროფესორის კვლევები ორმა, ან ოთხმა უნივერსიტეტმა არ მიითვალოს, მაგრამ მეორე მხრივ, აკადემიური თავისუფლება არ უნდა შევზღუდოთ. საქართველოში არაერთი უნივერსიტეტი არსებობს, რომელიც პროფესორს ხელშეკრულებას უდებს, რითაც აიძულებს, მხოლოდ ამ უნივერსიტეტში ასწავლოს, რაც სწორ მიდგომად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.