„ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია - სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე
მიუნხენის “ბაიერნი” 2017-18 წლების სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა. ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენელებმა სტუმრად 4:1 დაამარცხეს “აუგსბურგი” და მეორე ადგილზე მყოფ “შალკეს” 20 ქულით დაშორდნენ. ასე რომ, იუპ ჰაინკესის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, მიუღწეველი რჩება უახლოესი კონკურენტებისთვის.
“აუგსბურგთან” მატჩში “ბაიერნი” მდევრის როლში აღმოჩნდა, როცა მე-18 წუთზე ზიულემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, მაგრამ პირველ ტაიმში ტოლისომ და ხამეს როდრიგესმა ექვსი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს, მეორე ნახევარში კი რობენმა და ვაგნერმაც გამოიჩინეს თავი და სტუმრებმა 4:1 მოიგეს.
“ბაიერნისთვის” ეს 28-ე ჩემპიონობაა ისტორიაში (მეორე ადგილზე მყოფი “ნიურნბერგი” ცხრაჯერ ყოფილა გერმანიის ჩემპიონი).
წლევანდელი სეზონი “ბაიერნში” კარლო ანჩელოტიმ დაიწყო, მაგრამ ის სექტემბერში დაითხოვეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ოქტომბერში გუნდს სათავეში იუპ ჰაინკესი ჩაუდგა.
ამ მომენტისთვის, “რეკორდმაისტერი” გერმანიის თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც “ლევერკუზენს” შეხვდება, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი სტუმრად აქვს მოგებული “სევილიას” წინააღმდეგ – 2:1.