პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში შეგროვილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა.
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში ბავშვების მიერ შედგენილი წერილები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
„წერილი ჯარისკაცებს” საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო ბარათების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.