ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინეს.

მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის შესრულება ვერ განახორციელა.

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ცხრა, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.