ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიოჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. დაცვის მხარის თქმით, აუდიოჩანაწერი, რომელიც ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებად ითვლება არ არის ავთენტურ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, ისინი მზად არიან წარმოდგენილი მტკიცებულებები განიხილონ და ექსპერტებიც დაკითხონ..
„დარჩენილი იყო დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზა. წინა პროცესზე წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის ნაწილი, დღევანდელ პროცესზე დაცვა დაპირდა სასამართლოს, რომ სრულად მოიტანდა დასკვნას. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საინტერესო იქნება ამ დამოუკიდებელი ექსპერტების დაკითხვა, რადგან იმ დასკვნაში, რაც მივიღეთ არის გარკვეული შეუსაბამობა ფაქტების და გარემოებების“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.
ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.