პირველი არხის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
სამართალდამცველებს მან დაკავებისას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.