ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება.
როგორც დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თარიღი შეიცვალა, რადგან 7 ნოემბერს აქციის გამართვას შეიძლება ბევრი სპეკულაცია მოჰყოლოდა.
„ხელოვნური აჟიოტაჟია, არაფერი თემა არ არის. 7 ნოემბერს არასწორი იყო, შეიძლება ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყოლოდა და შესაბამისად, ამიტომ შეიცვალა თარიღი. მთავარი რიცხვი არ არის, მთავარი შინაარსია ამ აქციის. აბსოლუტურად ტექნიკური დეტალია. იქნება კიდეც სპეკულაციის თემა, რაღა თქმა უნდა. არაფერი საჭიროება არ არის ამ აქციის 7-ში ჩატარების. ჩვეულებრივად ჩატარდება 6 ნოემბერს. მთავარი არის შინაარსი, რომ არ ვეპუებით მოპარულ არჩევნებს, რომელიც ცალსახად მოიპარეს. ეგ არის მთავარი ძირითადი მიმართულება. მე რა ინფორმაციაც მაქვს, 6 რიცხვში ჩატარდება“,- განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, 7 ნოემბერს აქციის დანიშვნამ ძალიან ბევრს დისკომფორტი შეუქმნა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, 7-ში აქცია მისთვის არ არის დისკომფორტი, არამედ მიუღებელია.
„ძალიან ბევრისთვის დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა, ჩემთვის დისკომფორტი არა, მიუღებელია. მე რასაც ვუყურებ, საერთო აზრია თარიღთან დაკავშირებით. თუმცა ის, რომ განსხვავებული აზრი იყო, მე მაგაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, რომ აზრები შეიძლება იყოფოდეს პარტიაში. პირიქით, მე ყოველთვის ვიძახი ერთ რამეს, რომ მაშინ, როდესაც აზრი იყოფა პარტიაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი. თუ არ არის განსხვავებული აზრი, ვერ დაიბადება ჭეშმარიტება“,- განაცხადა დოლიძემ.
დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს. თუმცა მოგვიანებით, მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ ჩატარდება.