ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს
ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს

აქცია, დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციისა და შეკრებისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბერს დაგეგმილი აქცია დააანონსა.

„ამ ადგილიდანაც, იმ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე, უახლოეს წარსულში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე. თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არა მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთან მიმართებითაც საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურშიც, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ, ვიბრძვით სამართლიანობისთვის და დიახაც, ვიბრძვით ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ?! არა, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად „ქართული ოცნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ.

„ჩვენ, თქვენთან ერთად, ჩვენი მეგობრები არ ვაპირებთ უკან დახევას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა თითოეულ აქ მოსულ ჟურნალისტს, ფოტოგრაფს, ოპერატორს. ჩვენ კი, ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, აქ მამუკამ ისაუბრა, ელენემ ისაუბრა, ირაკლიმ ისაუბრა. ჩვენ ბევრისთვის მოულოდნელი ჩვენი ერთობით, განსხვავებული ადამიანებით რომ შედგა, ყველას ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველი გვყავს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. შესაძლებელია, ერთმანეთს ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდეთ და ხშირად ერთმანეთს ცხარე კამათსაც არ ვაკლებთ, მაგრამ ამ ერთობამ და ამ კოალიციამ, მოდით, ვაღიაროთ, გამარჯვების რწმენა შთაბერა თითოეულ ჩვენგანში, ხომ მართალია?! იმიტომ რომ თქვენც, ისევე როგორც მე და სხვებმაც დაინახეს, რომ უპირატესი ამოცანა და მიზანი არის ამ ქვეყნის გათავისუფლება, ნორმალური, დემოკრატიული ცხოვრება, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა და წინსვლა. ასეთ დროს, როგორ არ უნდა გაიხარო, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ აღმოჩნდებიან ადამიანები ჩვენ გარშემო, ჩვენ მათ გარშემო, რომლებიც გვერდით გადადებენ განსხვავებულობებს, უთანხმოებებს, ჩვენი შვილებისა და ხვალინდელი უკეთესი დღის საკეთილდღეოდ ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და ფართო კოალიციის სახით წარდგებიან თქვენს წინაშე. ამანაც ძალიან დიდწილად, რა თქმა უნდა, აღაშფოთა, ააცახცახა ხელისუფლება და დააშვებინა ის შეცდომები, რომლებიც მან გუშინ დაუშვა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა.

„მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი, თქვენი სახით ძალიან მალე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით უახლოეს მომავალში ძალიან ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. დიახაც, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კერძოდ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ, ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვიყოთ ქუთაისში და ასევე, სხვადასხვა ქალაქში მომდევნო დღეებში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამიგოთ ახლა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ სულ მცირე დრო იმისათვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასოდეს. მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან. ძალიან ბევრი თვალსაზრისით ის იქნება განსხვავებული და ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.