ბაჩანა შენგელია - დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ გამოძიება მიდის არასწორი გზით, ყველა კითხვა რჩება პასუხგაუცემელი
ბაჩანა შენგელია - დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ გამოძიება მიდის არასწორი გზით, ყველა კითხვა რჩება პასუხგაუცემელი

გამოკითხულია რამდენიმე პირი, რომლებიც საერთოდ არ არიან შემხებლობაში საქმესთან, ყველა კითხვა, რაც იყო საქმეში, ამ წუთამდე რჩება პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს გაეცნო.

„დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული. ნაცვლად ამისა, გამოკითხულნი არიან ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია, მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია. ასევე არ არის ამოღებული, მაგალითად, დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის ექსპერტიზისთვის სწორი კითხვებით მიმართული და შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, რაც მოგვცემდა საქმეზე ობიექტურ სურათს. მაგალითად, კამერები არ არის დროულად ამოღებული. ოთხი თვის დაგვიანებით არის მიმართვა კამერების ამოღებაზე და პასუხი არის, რომ ჩანაწერები არის წაშლილი. საუბარია ვინმე ლავრენტი ქირიაზე, რომელიც არ არსებობს და დოკუმენტურად არის დადასტურებული. შესაბამისად, ეფექტურად არ არის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

მისი თქმით, პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ უნდა მოხდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვა. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სანამ მიხეილ ბატიაშვილი არ გამოიკითხება გამოძიების ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია.

„ჩვენ დაგვრჩა განცდა, რომ პოლიტიკური მიმართულებით საერთოდ არ არის გამოძიება ნაწარმოები, მაგალითად, განცხადებებში, საქმის მასალებში ფიგურირებდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ახდენდა პოლიტიკურ ზეწოლად. ეს ადამიანი გამოკითხულიც არ არის არც ერთ ეტაპზე. ასევე არც სხვა პირები არიან გამოკითხულნი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობენ. არის გამოკითხული რამდენიმე პიროვნება, რომლებიც საერთოდ არ არიან შემხებლობაში საქმესთან. ყველა ის კითხვა, რაც იყო საქმეში, ამ წუთამდე რჩება პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პირობა არ მიუღია.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტროს მოხელეები, ინსპექტორები ჯაფარიძე, წამალაშვილი, მათი ხელმძღვანელი თეონა გაბიჩვაძე, აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ქოჩიშვილი და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აუცილებლად პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.