ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგვიანებული არ არის
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე 24 საათის განმავლობაში არსებული როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.
მისივე თქმით, ტემპერატურა უნდა განისაზღვროს იმავე მარკის ავტომობილშიც, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
„საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, პროკურორი კითხვაზე საპასუხოდ განმარტავს, რომ ამინდის ცვლილების გამო, ექსპერიმენტი დაგვიანებული არ არის.
„იმ დროს რა ტემპერატურაც არის, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას და აქედან გამომდინარე კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება. აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ და დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად ზუსტი შედეგები იქნება ექსპერიმენტის დასრულებისას.
„ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარია. დანარჩენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენებს“, – განაცხადა პროკურორმა.
საგამოძიებო ექსპერიმენტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.