აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.
„კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.
აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა, გასული წლების გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ პროცესში უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მათ შორს რეგიონულ დონეზე, რასაც, მთავრობის მეთაურის დავალებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.