აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა.
„დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე დაფიქსირდა მავნებლის ზღვრული ოდენობა, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლით ღონისძიებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.
ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით.
სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით, გაათმაგებულია. აღნიშნული ტექნიკა უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები.
არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.