აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიას აჭარაში ამერიკელი სპეციალისტები ეცნობიან
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიას აჭარაში ამერიკელი სპეციალისტები ეცნობიან. მათ დღეს შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართეს, მოგვიანებით კი, ფერმერებთან შეხვედრასაც გეგმავენ.
„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, შედეგებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. აჭარაში მასშტაბური ღონისძიებები გატარდა და მიმდინარე წელსაც იგეგმება სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ს უნივერსიტეტების და კვლევით ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.