აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამეცნიერო წრეებთან გამართულ მორიგი შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვასა და მეთოდებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენი მიზანია, კომპლექსური მიდგომით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ვმართოთ მავნებლის პოპულაცია, მინიმუმამდე შევამციროთ მოსავლის დანაკარგები და ეკონომიკური ზარალი“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვის ძირითადი პრინციპები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა წარუდგინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მავნელთან ბრძოლის პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა სტრუქტურა, ხოლო ფერმერების ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას განახორციელებს. 2018 წლის სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის ჩართულობით მომზადდა, გათვალისწინებულია მავნებელთან ბრძოლისთვის გადაუდებელი ღონისძიებები: ქიმიური მეთოდების გამოყენება და, პარალელურად, ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობა; ლაბორატორიული კვლევების დაწყება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღონისძიებების გატარების პროცესში მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინება, რაზეც სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.