აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს იტალიელი სპეციალისტები დადებითად აფასებენ
საქართველოში მყოფი წამყვანი იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ.
ისინი საქართველოში კომპანია „აგრიჯორჯიას“ მოწვევით იმყოფებიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოქმედი მონიტორინგის სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლუჩანო ტაველამ დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა არის ძალიან საინტერესო და ჩემი ცოდნის ფარგლებში უნიკალურიც კი. ძალიან კარგი იდეაა მავნებლის გამრავლებამდე მისი პოპულაციის შემცირება. ამ რეგიონისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ეს არის კარგი მეთოდი მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად“, – განაცხადა ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლუჩანო ტაველამ.
იტალიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სწავლებას ატარებენ.