აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის USAID 3,5 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 3,5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.
„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ბროკ ბირმანმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რესურსით დაგეგმილია დამატებით ტექნიკის შესყიდვა – ტრაქტორები, შემასხურებლები, ფერომონები. ასევე, გათვალისწინებულია ცოდნის გაზიარება და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.