აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებს სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობასა და ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების ფარგლებში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“უკვე დაიგეგმა ღონისძიებები და სამთავრობო კომისიაში შემავალ უწყებებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. კომისია მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს იმ სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობას, რომელიც 2018 წლისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით არის დაგეგმილი“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას უზრუნველყოფს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას  საცხოვრებელი სახლის პირობებში, ასევე, მოამზადებს შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს. განათლების სამინისტრო, სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი, საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს.

რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფების შექმნის კოორდინაცია დაევალა. ასევე, მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის შესაბამისი გეგმა და გრაფიკი უნდა შეადგინონ.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ყველა სამთავრობო უწყება საკუთარ ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ქიმიური და მექანიკური ღონისძიებების ჩატარებას განახორციელებს.

სამთავრობო კომისია 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელები შედიან.