აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიკმეთ გაჯიევი - შუა დერეფნის განვითარებისთვის უკვე ვმუშაობთ ყაზახეთთან, საქართველოსთან და გვსურს, მოვიზიდოთ ჩინელი მეგობრები
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიკმეთ გაჯიევი - შუა დერეფნის განვითარებისთვის უკვე ვმუშაობთ ყაზახეთთან, საქართველოსთან და გვსურს, მოვიზიდოთ ჩინელი მეგობრები

შუა დერეფნის განვითარებისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ ყაზახეთთან, საქართველოსთან და გვსურს, მოვიზიდოთ ჩვენი ჩინელი მეგობრები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეთ გაჯიევმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მსგავს პროექტში, რომელიც კვეთს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიებს, გადამწყვეტია „ერთი ფანჯრის“ შესაძლებლობა, განსაკუთრებით ჩინური კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, თავიანთი სატვირთო გადაზიდვები ევროპის ბაზარზე გადაამისამართონ.

გაჯიევმა აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია საბაჟო წესების გამარტივება და სტანდარტიზაცია.

„ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩინეთსა და ყაზახეთს შორის გაფორმებული ბოლო შეთანხმება შუა დერეფნის შესახებ. ჩვენც ვფიქრობთ ასეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ ამ სფეროში სამმხრივი შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის. მოუთმენლად ველოდებით ჩინეთს+ცენტრალური აზიისა და ჩინეთს+ცენტრალური აზია+აზერბაიჯანის კონცეფციების განვითარებას“, – განაცხადა ჰიკმეთ გაჯიევმა.

შუა დერეფანი აკავშირებს ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.