აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი, თბილისში სამმხრივი კონფერენცია გაიმართა
ყოველწლიური სამმხრივი კონფერენცია ”აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი: სამმხრივი თანამშრომლობის გლობალური და რეგიონული განმსაზღვრელი ფაქტორები”- გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე, რაც მონაწილეების აზრით, სექტორული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ ფორმატით შეხვედრა უკვე მეხუთე წელია ტარდება და როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეხვედრების ფორმატი ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა სამი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ გლობალურ კონტექსტში.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მსგავს ფორმატში შეხვედრების მნიშვნელობაზე.
როგორც მან აღნიშნა შეხვედრების დამსახურებით ქვეყნებს შორის არაერთ საერთო წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი სხვადასხვა სფეროში.
„ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა არის არამხოლოდ თანამშრომლობა სამ ქყვეყანას შორის, არამედ ეს არის განმსაზღვრელი ჩვენი დიდი რეგიონისათვის, ევროპის და აზიის თანამშრომლობისათვის და საერთაშორისო კოოპერაციისათვის რაც არის საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. მსგავსი ტიპის კონფერენციები ემსახურება ახალი იდეების შექმნას, ახალი ინიციატივების შემუშავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა პირველ არხთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრა რონდელის ფონდის და თურქული და აზერბაიჯანული კვლევითი ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.