აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პრესცენტრი საქართველოს საზღვართან მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტის პრესცენტრი საქართველოს საზღვართან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მწყემსი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქონლით გადასვლის მცდელობისას შეამჩნიეს.
„საქონლის ფარის ტერიტორიიდან გაყვანის მცდელობისას, მწყემსის 10-მდე ძაღლი საზღვრის დაცვას თავს დაესხა. მესაზღვრეებმა ჯერ ჰაერში გაისროლეს, თუმცა რადგანაც ამას შედეგი არ მოჰყვა, ძაღლებს ესროლეს. ამის შემდეგ, მესაზღვრეებმა მწყემსიც ძაღლებთან ერთად ძირს დავარდნილი ნახეს. ის თავის არეში იყო დაჭრილი. მწყემსი მაშინვე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ვინაობაც დადგენილია. ის საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი, 1993 წელს დაბადებული რამინ ბაშიროვია“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი ასგარ ხალილოვი ადგილზე ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა.
ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრისა და სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.