აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]

საპატრიარქოში აზარტული თამაშების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ინიციატივით ტარდება, „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე მსჯელობენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შექმნილი ვერც ერთი კანონპროექტი ახალგაზრდების სრულად დაცვას ვერ უზრუნველყოფს და სისტემური ცვლილებებია საჭირო.

სოფო კილაძის განმარტებით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე მუშაობა თუ დაიწყება, ის უნდა იყოს ყოვლისმომცველი და სისტემურად უზრუნველყოფდეს ბავშვების დაცვას.

„ჩვენი ქვეყნისთვის აზარტული თამაშები ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ გამოწვევად გადაიქცა. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ინლაინ სფეროში, როდესაც ოჯახები, მშობლები ვერ ახდენენ იმის გაკონტროლებას, მათი შვილები როგორ არიან ჩართულები ამ აზარტულ თამაშებში, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი არასასურველი შემთხვევა. ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყანა, საპარლამენტო წარმომადგენლობა, ეკლესია, მთავრობა, მთელი საზოგადოება ერთად დავდგეთ აზარტული თამაშების წინააღმდეგ და გვქონდეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენს შვილებს ამ უბედურებისგან და მეორე მხრივ ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში განსაკუთრებით, რადგან როდესაც პატარები არიან, ამ ასაკში მათ სჭირდებათ განსაკუთრებული დაცვა, უნდა ვუზრუნველყოთ მათი მორიდება ისეთი დიდი და მტკივნეული საკითხებისგან, როგორიც არის აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და კიდევ ბევრი სხვა“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კილაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ მოზარდების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული შემთხვევები აღარ განმეორდეს.

„რამდენიმე ვერსია იყო სხვადასხვა დროის განმავლობაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერც ერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ახალგაზრდების სრულად დაცვას. ჩვენ თუ დავიწყებთ ამ სფეროში საკანონმდებლო კუთხით მუშაობას, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი და სისტემურად უნდა უზრუნველყოფდეს ჩვენი ბავშვების დაცვას, არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაღაც პატარა საკანონმდებლო ცვლილება დღეს, პატარა საკანონმდებლო ცვლილება ხვალ, ვფიქრობ, ესეც ვერაფერს უშველის. ჩვენთვის მთავარია, გვქონდეს სისტემური მიდგომა და მხოლოდ კანონის შეცვლა ვერ უშველის. აქ არის საჭირო მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების დონეზე. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩემი აზრით, განათლებაში მაქსიმალური რესურსის ჩადება, რომ ბავშვების ეს ახალგაზრდული ენერგია მიმართული იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, სპორტისკენ, განათლებისკენ, ფორმალური, თუ არაფორმალური. ეს იყოს მათთვის მისაბაძი და არ იყოს მისაბაძი აზარტული თამაშები, ნარკოტიკები, ასეთი ტიპის გამოწვევები, რაც, სამწუხაროდ, მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში“ ,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ.