ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული. მათგან შვიდი მათგანი მიკროავტობუსის, ერთი კი მსუბუქი ავტომანქანის მგზავრია. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია – ექვსი და რვა წლის მოზარდები.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახალციხის კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, თბილისიდან ელოდებიან კატასტროფის ჯგუფს, რომელმაც რამდენიმე დაშავებული უნდა გადაიყვანოს.
„დაშავებულთაგან ორი შედარებით მსუბუქი, ხოლო ექვსი საკმაოდ მძიმეა, რომელთაც დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ავადმყოფები არიან. ორია ბავშვი – ექვსი და რვა წლის. პატარა პოლიტრავმით არის, შედარებით მსუბუქია უფროსი ბავშვის მდგომარეობა“, – ამბობს ექიმი კონსტანტინე დგებუაძე.
სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. ადგილობრივების თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსი ახალქალაქიდან მოდიოდა, მისი მგზავრები კი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„შკოდას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი მართავდა. ის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, მის გვერდით მჯდომი სააგენტოს თანამშრომელი, 50 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.