ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
პროექტის თანახმად, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება: ფიზიკური პირი – 150 ლარით, იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე – 300 ლარით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის – 500 ლარით.
ამის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების არ გავლის გამო სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის – 700 ლარით.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, ძირითადად, ხდება ვიდეოკამერების მეშვეობით და დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარებას გარკვეული დრო სჭირდება, სახდელის დადების ვადად, ნაცვლად ორი თვისა, შემოთავაზებულია ექვსი თვე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას გაუადვილებს.
„კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურად შემცირება და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის ხელშეწყობა. ამ პროცესში გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელს უშლის ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანად მუშაობას. კერძოდ, კანონმდებლობით არ არსებობს განმეორებითი ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების არ გატარებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია 50-ლარიანი ჯარიმა. 2019 – 2022 წლებში დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისადმი სუბიექტების მიმართვამ მკვეთრად იკლო, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გამოწერილი ჯარიმები, პრაქტიკულად, გასამმაგებულია. თუ 2019 წელს ჯარიმების რაოდენობა იყო 235 ათასი ლარი, 2022 წელს ამ თანხამ 700 ათასს ლარს მიაღწია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტს უღირს გადაიხადოს 50-ლარინი ერთჯერადი ჯარიმა, ვიდრე გამოცვალოს ის ნაწილი, რომელიც, მათ შორის, საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და ასევე, ძალიან ბევრ შემთხვევაში იწვევს ჰაერის დაბინძურებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.