ავტოსაგზაო შემთხვევისას, შარტავას ქუჩაზე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, შარტავას ქუჩაზე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„2022 წლის პირველ აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, რომელსაც ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ბრალდებული, რომელიც მართავდა BMW-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და განახორციელა მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი, რა დროსაც დაეჯახა მოძრავ ავტომობილს.
შეჯახების შედეგად მართვადაკარგული BMW გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, ავარდა ტროტუარზე სადაც დაეჯახა ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის/მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება“, – აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში.