ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას საქარე მინაზე ხუთ მილიმეტრამდე დიამეტრის სამი წერტილოვანი დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა პირველ არხს განუცხადა, ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში, მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით, 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება.

„ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში. ეს არის 37-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს საფასურს და ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიმართულებას. მეორე დადგენილება არის 510-ე, რომელიც არეგულირებს ინსპექტირების პროცესს. დასაშვებია მინაწმენდის არეალში სამი ე.წ ნაკენჭურის არსებობა, რომლის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს ხუთ მილიმეტრს. ასევე, ელექტრომობილები თუ იხდიდნენ აქამდე 60 ლარს ინსპექტირებაში, ახლა გადაიხდიან 20%-ით ნაკლებს, ეს არის 48 ლარი. გარდა ამისა, დამუქება მინების ინსპექტირების პროცესიდან იხსნება”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.