ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები მკაცრდება
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები მკაცრდება

არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის, – ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა განუცხადა. 

ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები დღეიდან მკაცრდება.

„იყო შემთხვევები, როცა მაჩვენებლები იყო ნორმაში, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მაინც ჰქონდა მოჭარბებული კვამლიანობა. სწორედ ამიტომ,  გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების – ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობის შემოწმების გარდა, ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას გამონაბოლქვში ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდება, მაგრამ ტექნიკურად არასწორი წვის შედეგად დაფიქსირდება მოჭარბებული კვამლი, ავტომობილი დახარვეზდება. ეს საგრძნობლად იმოქმედებს ავტოპარკზე და გამონაბოლქვის პრობლემა საგრძნობლად შემცირდება ამ ცვლილებით”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე თქმით, განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა, ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას ხელახლა სრულად გაივლის.

„მაშინ, როდესაც აქამდე მძღოლები განმეორებით ინსპექტირებაზე მიდიოდნენ მხოლოდ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა, კიდევ ვალდებულება უჩნდებათ, რომ შემოწმდნენ ვიზუალურადაც”,- განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე თქმით, რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის.

„ცვლილება შეეხო ტაქსებსაც. ისინი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანპორტო საშუალებებ. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.