ატმოსფერო დენადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ჰიდროაეროდინამიკა ახასიათებს, მაგალითად, ცირკულაცია, დინებები, და დიახ, გრავიტაციის ტალღებიც. ატმოსფერო ყოველთვის მოძრაობაშია და შესაბამისად, ეს ფენომენი სულ ხდება, მაგრამ სხვა საქმეა მისი დანახვა.
ამინდის თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოზე თქვენ ხედავთ გრავიტაციის ტალღებს, რომლებმაც გასულ კვირას დასავლეთ ავსტრალიას გადაუარა.
არ აგერიოთ გრავიტაციულ ტალღებში, რომლებიც მასიური აჩქარების მიერ სივრცე-დროში წარმოქმნილი აშლილობაა. გრავიტაციის ტალღებს ტივტივა ტალღებსაც უწოდებენ და წარმოადგენს ფენომენს, რომლის დროსაც ტალღები წარმოიქმნება ნებისმიერი სითხის სივრცეში, მაგალითად, ტალღები პლაჟზე ანდაც ჭავლები წყლიან ჭიქაში.
ისინი ტალღები წარმოიქმნება აირებშიც, მაგალითად, ჩვენს ატმოსფეროში და გრავიტაციის ტალღებს უწოდებენ იმიტომ, რომ გრავიტაცია არის ძალა, რომელიც მათ წონასწორობას აღადგენს.
როგორც წესი, ატმოსფეროში მათ წარმოქმნის ჰაერის ნაკადის ობსტრუქციები (გამავლობის შემცირება), მაგალითად, მთის ქედები (ვენერაზე ისინი წარმოქმნის უზარმაზარ ატმოსფერულ ტალღებს) და სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერის მასების შეჯახება.
სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზით წარმოიქმნა დასავლთ ავსტრალიაში შემჩნეული ტალღებიც.
ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის მეტეოროლოგის, ადამ მორგანის განცხადებით, დასავლეთ ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დიდი ჭექა-ქუხილი იყო და ამ შემთხვევაში აშლილობა გამოიწვია ჭექა-ქუხილის ცივი ჰაერის უთანხმოებამ ზედაპირის სიახლოვეს არსებულ თბილ ჰაერთან.
მისი თქმით, აშლილობის მიზეზი სიმკვრივეებს შორის სხვაობა გახდა და შემდეგ, გრავიტაციის ტალღებიც ცივ ჰაერთან ერთად ვრცელდება. აშლილობა იქამდე გრძელდება, ვიდრე ყველაფერი ხელახლა დააბალანსებს საკუთარ თავს.
იაპონიის ამინდის ხომალდ ჰიმავარი-8-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს გრავიტაციის ტალღების მოძრაობა ღრუბლებთან ერთად, ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიიდან ინდოეთის ოკეანის მიმართულებით. ტალღების დანახვა სწორედ ამ ღრუბლებისა წყალობით მოხერხდა.
ფოტოზე ასევე ჩანს პილბარას რეგიონის უდაბნოდან ინდოეთის ოკეანეში შეჭრილი მტვრის შტორმიც.
მომზადებულია ABC-ის მიხედვით.