ავსტრალიის პრემიერმა მოსახლეობას მოუბოდიშა იმის გამო, რომ ქვეყანაში მასშტაბური ხანძრის დროს თავად ჰავაიზე ისვენებდა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ქვეყანაში მასშტაბური ხანძრის დროს თავად ჰავაიზე ისვენებდა. მორისონი ამბობს, რომ ის შვებულებას წყვეტს.
მოსახლეობაში პრემიერის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე მორისონი შვებულებას ოჯახთან ერთად ჰავაზე ატარებდა. სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგები – „სად არის მორისონი?“
ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გუშინ გამოცხადდა.
შტატში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული. სტიქიის ზონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დაკეტილია გზები. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.
ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა. გასულ კვირებში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლმა 680 სახლი გაანადგურა. დაიწვა 1,2 მილიონი ჰექტარი ფართობი.