ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო - უახლოესი თვეების განმავლობაში, ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება
ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ტემპერატურის კლებისა ან ძლიერი წვიმის ნიშნებს ვერ ხედავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მეტეოროლოგიის ბიუროს ცნობით, უახლოესი თვეების განმავლობაში, ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება. მათივე განმარტებით, მართალია ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია გარკვეული ნალექი, თუმცა ეს წვიმა საკმარისი არ არის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად.
მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადების პარალელურად, ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის ზონა ფართოვდება ვიქტორიის შტატში.
ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. კონტინენტზე 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა დაიწვა, რაც დაახლოებით სამხრეთ კორეის ფართობს უდრის. სექტემბრის შემდეგ ავსტრალიაში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაიხოცა ან დაშავდა მილიარდზე მეტი ცხოველი. ამჟამად ავსტრალიაში მეხანძრეები ხანძრის 100-ზე მეტ მოქმედ კერას ებრძვიან.