ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს
ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ავსტრალიაში საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მიმოსვლა განსაკუთრებით აქტიურდება, სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, უახლოეს მომავალში სტიქიის ზონასთან ახლოს, ნებისმიერი ტიპის გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. ამასთან დაკავშირებით ახალი სამხრეთ უელსის შტატში რამდენიმე ძირითადი ავტომაგისტრალი დროებით დაიხურა.
მასშტაბური ტყის ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს. ამის გამო, რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ მომენტისთვის მეხანძრეები ცეცხლის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიის ლოკალიზებაში ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლით. სტიქიას უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.