ავსტრალიამ ჩინეთის პროექტში, „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ მონაწილეობაზე უარი თქვა
ავსტრალიამ ჩინეთის პროექტში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ მონაწილეობაზე უარი თქვა. ფედერალურმა მთავრობამ გააუქმა ჩინეთსა და ვიქტორიას შტატს შორის გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტი და ამის მიზეზად ავსტრალიის ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.
ჩინეთის საელჩოში ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდეს. ჩინელი დიპლომატების თქმით, ეს დამატებით ზიანს მიაყენებს ჩინეთ-ავსტრალიის ორმხრივ ურთიერთობებს.
„ეს აჩვენებს, რომ ავსტრალიის მთავრობას გულწრფელად არ სურს ჩინეთ-ავსტრალიის ურთიერთობების გაუმჯობესება“, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრალიის ფედერალურმა მთავრობამ რეგიონულ ხელისუფლებასა და უცხო ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება გააუქმა.
ვიქტორიას შტატი ჩინურ პროექტში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ 2018 და 2019 წელს გაფორმებული შეთანხმებით ჩაერთო. ავსტრალიის შტატსა და პეკინს შორის დადებული შეთანხმება თავის დროზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკრიტიკა.
ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა პანდემიის პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიამ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა.