ავსტრალია საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს მოუწოდებს, კიბერსივრცეში მოქმედებასთან დაკავშირებით ვალდებულება შეასრულოს
ავსტრალია საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს მოუწოდებს, კიბერსივრცეში მოქმედებასთან დაკავშირებით ვალდებულება შეასრულოს

ავსტრალია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს უერთდება.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების დროს, ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა (გრუ) საქართველოს სხვადასხვა ვებგვერდზე რიგი გამანადგურებელი კიბერთავდასხმები განახორციელა, რამაც 2019 წლის ოქტომერში რამდენიმე ათასი ვებგვერდის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მერის პეინის განცხადების თანახმად, ვებგვერდებს შორის იყო საქართელოს მთავრობის, სასამართლოების და არასამთავრობო ორგანიზაციების კუთვნილი ვებგვერდები, მათ შორის აღმოჩნდა რამდენიმე მედიასაშუალება.

„ეს განცხადება და ავსტრალიის სტრატეგია საერთაშორისო კიბერსივრცესთან დაკავშირებით, ცნობს ავსტრალიის როლს უსაფრთხო, ღია და თავისუფალი კიბერსივრცის არსებობასთან დაკავშირებით, ახლა და მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ვალდებულებები ქვეყნებისგან ითხოვს, პასუხი მოსთხოვონ სახელმწიფოებს, როდესაც ისინი შეთანხმებულ წესებს მიღმა მოქმედებენ.

„ეს ბოროტული კიბერაქტივობები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, თქვას, რომ ის კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი მონაწილეა. ეს აქტივობები რუსეთის სამხედრო სადაზვერო სამსახურის მიერ რიგი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ განგრძობადი კიბეროპერაციების აშკარა დემონსტრირებაა“ ,- აღნიშნულია განცხადებაში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ქმედებებისთვის პასუხისგებაა საჭირო. „როდესაც ჩვენს ინტერესებში შედის, ავსტრალია გარკვეულ ზომებს განიხილავს. მათ შორისაა პასუხისმგებელი პირის საჯარო დადანაშაულება. განსაკუთრებით მათი, რომლებიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო სტაბილურობას პოტენციურ საფრთეს უქმნის. რუსეთმა წარსულში განაცხადა, რომ კიბერსივრცეში მისი ქმედება ნორმის ფარგლებს არ გადასცდებოდა. ავსტრალია რუსეთს მოუწოდებს, ეს ვალდებულება შეასრულოს“ ,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას სხვადასხვა ქვეყნები ეხმაურებიან.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.