რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას დასავლეთის ქვეყნები ერთხმად გმობენ
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას დასავლეთის ქვეყნები ერთხმად გმობენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას სხვადასხვა ქვეყნები ეხმაურებიან.

ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს მავნებლური კიბერქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

„ვიხსენებთ 2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედიაზე და სამთავრობო ვებგვერდზე გამანადგურებელ თავდასხმას. ლიეტუვა მტკიცედ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მავნებლური კიბერ ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის გამანადგურებელ კიბერაქტივობებთან დაკავშირებით. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიკრობლოგ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას.

„დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ სერიოზულ და გამანადგურებელ კიბერთავდასხმებს რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურს (გრუ) მიაწერს. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის გამანადგურებელ აქტივობასთან დაკავშირებით და მომავალშიც განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ხელშეწყობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჩეხეთი საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისეთი თავდასხმები, როგორიც საქართველოზე განხორციელდა, არის ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ნდობისთვის ძირის გამოთხრა და საფრთხეს უქმნის მრავალმხრივ წესრიგს.

„ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომ შექმნან კიბერრეზისტენტობა და სამომავლოდ მსგავსი თავდასხმებისგან თავის დაცვა შეძლონ“, – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ვუერთდებით საქართველოს, აშშ, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ჩვენ ვიზიარებთ მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და ბორტმოქმედული კიბერთავდასხმები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ის მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი. პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ურყევია. ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან, რომ გავზარდოთ ქვეყნის რეზისტენტობა კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე“, – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, აშშ-ს, ბრიტანეთს, სხვა ევროპულ ქვეყნებს და 2019 წელს ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„ამ კიბერთავდასხმის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია და დაბნეულებობის შექმნა იყო. ეს უგუნური საქციელი კიდევ ერთხელ ახდენს რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის დემონსტრირებას. უკანონო კიბეროპერაციების პრაქტიკის გამო, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს არსებული საერთაშორისო ნორმებით. ბოლო ბოროტმოქმედული კიბეროპერაცია არის რუსეთის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული და დივერსიული ქმედებების ნაწილი, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სიტუაციის გაუარესება და გაზრდილი დეზინფორმაციის კამპანია. რუსეთის დაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები და სხვა ქმედებები საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე ევროკავშირის და ნატო-ს მოკავშირეების ქვეყნებში არის მიუღებელი და უნდა შეწყდეს. ესტონეთი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. დამატებით ესტონეთი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს კიბერსტაბილურობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტვიტერში ეხმაურება კიბერთავდასხმას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე

„მკაცრად ვგმობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ განგრძობად კიბერთავდასხმებს, რომლებიც სახელმწიფოების ქმედებებთან დაკავშირებით არსებულ ნორმებს ეწინააღმდეგება, ანადგურებს ნდობის ფაქტორს და კიბერ სივრცეში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ განაცხადა.

ამასთან, განცხადებები გაავრცელეს, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).