ავსტრალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს გააძევებს
ავსტრალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს გააძევებს

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, ავსტრალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ავსტრალიამ სოლსბერიში მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებასთან დაკაშირებით ზომები მიიღო. ორი რუსი დიპლომატი, იდენტიფიცირებული, როგორც დაზვერვის საიდუმლო თანამშრომლები, მათ სტატუსის შესაბამისად და ვენის კონვენციის თანახმად, ავსტრალიას შვიდი დღის განმავლობაში დატოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავსტრალიის მთავრობაში ამბობენ, რომ თუ რუსეთის ქმედება საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვის შესაკავებლად ავსტრალია მოკავშირეებთან თანამშრომლობის ერთგული რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, კანადამ, უკრაინამ და ასევე ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ. სულ სამშობლოში დაბურნება 100 რუს დიპლომატს მოუწევს.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს  წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.