ავლაბრის რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს
ავლაბრის რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. სამუშაო ჯგუფის წევრები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ.

დეპუტატები სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებასაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში შვიდი დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შედიან. ჯგუფს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო უმცირესობაში ავლაბრის რეზიდენციაში კულტურული ცენტრის განთავსებას არ ეთანხმებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შენობის აღჭურვა მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ან პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცისთვის არის მისაღები.