პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი საქმიანობას მალე შეუდგება და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

„ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები. შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი, მაგრამ საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიყვანო, დავაკონკრეტებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია იმ ვერსიებს შორის, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.