ავიაკომპანია „ვიზეარი“ 14 მარტიდან კიშინიოვის რეისებს აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზეზებით ხსნიან. ინფორმაციას მოლდოვურ მედიას ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებაში უდასტურებენ. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ბილეთები ჩვეულ რეჟიმში იყიდება.
„„ვიზეარისთვის“ მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ძირითად პრიორიტეტად რჩება და მოლდოვაში ბოლო მოვლენების შედეგად და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, თუმცა არა გარდაუვალი რისკის გამო, „ვიზეარმა“ მიიღო რთული, თუმცა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, 14 მარტიდან შეაჩეროს ყველა რეისი კიშინიოვში“, – ავრცელებს მოლდოვური სააგენტო Newsmaker-ი ავიაკომპანიის განცხადებას.
მედიასაშუალების ცნობით, „ვიზეარი“, კიშინიოვის ნაცვლად, გაზრდის რეისების რაოდენობას რუმინეთის ქალაქ იასიში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტებმა, სულ მცირე, ორჯერ დაარღვიეს. თებერვლის დასაწყისიდან კი უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებმა არ გამორიცხეს, რომ რუსეთი მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავდეს.