ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში მყოფი საქართველოს 30 მოქალაქიდან 20 კომპანიის თანამშრომელია, უსაფრთხოდ არიან, მუდმივი კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში მყოფი საქართველოს 30 მოქალაქიდან 20 კომპანიის თანამშრომელია, უსაფრთხოდ არიან, მუდმივი კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ გენერალური დირექტორის, შალვა კიკნაძის განცხადებით, სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი 30-მდე ქართველიდან 20 კომპანიის თანამშრომელია.

როგორც შალვა კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სუდანში იმყოფებიან ავიაკომპანიის მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები. კიკნაძის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

„ცოტა ხნის წინ წყლითა და საკვებით მოვამარაგეთ. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ასევე გაერო-ს მისია და ყველა ერთად ველოდებით მხარეებს შორის შეთანხმებას, რომ მოხდეს უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა, შემდგომში ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. აქვთ ინტერნეტი და მუდმივ კავშირზე არიან ოჯახის წევრებთანაც. არ გადიან სახლებიდან, ერიდებიან ფანჯარასთან ან აივანზე გასვლას. ძირითადად, ყველანი არიან ერთად. ჩემი ინფორმაციით, ეს შეტაკებები მასშტაბურია. შეიძლება ითქვას, შეტაკებები მათგან დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში ხდება“, – აღნიშნა კიკნაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია სუდანში მყოფი საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის შესახებ, კიკნაძემ განაცხადა, რომ ისინი მეორე ავიაკომპანიის, „მაი ვეის“ თანამშრომლები არიან და კავშირი მათთანაც აქვთ.

„ევაკუაციის ერთ-ერთი გზა არის საჰაერო გზა. ჩვენ გვყავს საჰაერო ხომალდი. თუ იქნება ასეთი შეთანხმება და მოგვეცემა საშუალება, საჰაერო გზით მოვახდინოთ ევაკუაცია, მზად ვართ, საქართველოს 100-მდე მოქალაქე, საელჩოს თანამშრომლები წამოვიყვანოთ ჩვენივე საჰაერო ხომალდით. ჩვენი თანამშრომლები სუდანში ერთი თვეა, იმყოფებიან. ვასრულებდით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ვასრულებთ რეისებს სუდანიდან სტამბოლისა და ევროპის მიმართულებით. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისა, რომ რაიმე კონფლიქტი შეიძლება, მომხდარიყო. ვასრულებდით სამგზავრო გადაზიდვებს“, – აღნიშნა კიკნაძემ.

მისივე განცხადებით, შეტაკებები, ძირითადად, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო გზით სუდანის დატოვების შესაძლებლობა იქნება, ამას დასჭირდება ხომალდისთვის მთელი რიგი შემოწმებების განხორციელება, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა ხომალდის გამოფრენა. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჰუმანიტარულ დერეფანს რაც შეეხება, ვფიქრობ, სუდანში საკმაოდ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული და დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, როგორც აშშ, ასევე ევროპის ქვეყნები, საელჩოები იქნება თუ სამინისტროები, ალბათ ერთობლივად არიან ჩართული პროცესში, რომ ორივე მხარეს დაელაპარაკონ, დროებით მაინც შეწყდეს ცეცხლი და განხორციელდეს ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, 600-ზე მეტი კი დაშავებულია.