ავღანეთის მთავრობა „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ავღანეთის მთავრობა „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

ავღანეთის მთავრობა ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ავღანეთის მთავრობა საქართველოს ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის მსხვერპლთა გამო, სამძიმარს გამოთქვამს. ჩვენი ფიქრები საქართველოს მთავრობასთან და კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან არის”,- ნათქვამია ავღანეთის მთავრობის სამძიმარში. შესაბამისი განცხადება ავღანეთის პრეზიდენტის ოფისმა სოციალირ ქსელ „ტვიტერში”გაავრცელა.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.