„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს, რევაზ იასაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე იასაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც იასაშვილმა რამდენიმე პატიმარი „ავერსის“ კლინიკაში კვლევებისთვის აიყვანა, მან საბადრაგო მანქანაში არსებული ე.წ. საკნის კარი გასაღებით არ ჩაკეტა და გასაღები საბადრაგო ჯგუფის უფროსს არ გადასცა, რის შემდეგაც სამმა პატიმარმა კარის საკეტის გახსნა და საბადრაგო მანქანიდან გაქცევა მოახერხა. ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, როგორც თავად ბრალდებულმა, რევაზ იასაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

საბადრაგო ჯგუფის წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) აქვს წარდგენილი. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი პროცესი 28 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.