აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის დედა ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
აუტიზმის სპექტრის მქონე ექვსი წლის ბავშვის დედა ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციას მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
როგორც ნანა ანთიძემ პირველ არხს განუცხადა, დღეს გამთენიისას, ავიაკომპანია „ვიზეარით“ საბერძნეთის მიმართულებით შვილთან ერთად გაფრენას გეგმავდა.
მისი თქმით, აეროპორტის ადმინისტრაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ რეისამდე ორი დღით ადრე აცნობა, თუმცა გამგზავრების დღეს ბორტზე ჩასხდომის უფლება არ მისცეს.
როგორც თავად ჰყვება, გაფრენამდე ბავშვი გაღიზიანებული იყო, რის შემდეგაც ექიმი გამოიძახეს. ნანა ანთიძის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვი დამშვიდდა და ექიმმა დაუდასტურა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაფრენის ნებართვაც მისცა, თუმცა ბორტზე მაინც არ შეუშვეს. ამჟამად ის შვილთან ერთად ჩოხატაურში იმყოფება და საბერძნეთში გამგზავრებას მომდევნო რეისით, 26 აგვისტოს გეგმავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, შესაძლოა, გაფრენის უფლება ისევ არ მისცენ.
ნანა ანთიძის თქმით, ბავშვმა საბერძნეთიდან უპრობლემოდ იმგზავრა, პრობლემა არ შექმნია ასევე თურქეთიდან გამომგზავრებისას, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მისცეს გამგზავრების უფლება ქუთაისის აეროპორტიდან.
პირველი არხი აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.