აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა
აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქაერონავიგაციის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და კომპანიის შემოსავლები და ხარჯები მოიცვა. აუდიტორებმა კომპანიის ნაკლოვანებები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინეს, ესენია – შესყიდვები, მივლინებები და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესყიდვების დროს, შპს „საქაერონავიგაციის“ მხრიდან თანხების არარაციონალურად ხარჯვის რისკები გამოვლინდა, ასევე კომპანიამ დაარღვია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.

„2017 წელს საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 1323 განკარგულების საფუძველზე, სატრენინგო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების მიზნით, შესყიდულია 11 სატრენინგო მომსახურება, ჯამში 1,222,019 ლარის ღირებულებით. აღნიშნული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადი გამოყენების დოკუმენტია და მის საფუძველზე მრავალჯერადი შესყიდვის განხორციელება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.

2017 წელს კომპანიამ გამარტივებული წესით შეისყიდა სარემონტო სამუშაოები ფაქტობრივი ღირებულებით, 188,559 ლარი. სამუშაოების შემსრულებელს არ წარმოუდგენია ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები“, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

რაც შეეხება მივლინებებთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, ანგარიშის მიხედვით, მივლინების ხარჯები ხელოვნურად იყო გაზრდილი და არ შეესაბამებოდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების კატეგორიებს.

„კომპანიას არ აქვს შემუშავებული მივლინებებთან დაკავშირებული პოლიტიკა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის სამივლინებო ხარჯის ანაზღაურების პრინციპები, მათი ზღვრული ოდენობები და პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნულის გამო, რიგ შემთხვევაში, არ დასტურდება გაწეული ხარჯების რაციონალურობა და მიზნობრიობა. შესაბამისად, იზრდება ფინანსურად არახელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების რისკი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს არასათანადო საქმიანობაზეც.

„სამეთვალყურეო საბჭო, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაკომპლექტებულია ოთხი მინისტრის მოადგილით. წესდების მიხედვით, ისინი პასუხისმგებელნი არიან კვარტალში მინიმუმ ერთხელ შეკრებაზე კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით, მათ შორის, ბიზნესგეგმის შედგენისა და შესრულების მონიტორინგზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2017 წელს სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა ბიზნესგეგმის პროექტის განხილვის მიზნით. ასევე სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დროულად არ განახორციელა ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში და 2017 წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად კვლავ იყვნენ რეგისტრირებულნი რამდენიმე მინისტრის ყოფილი მოადგილეები. შესაბამისად, ბიზნესგეგმის შესრულებასა და ზოგადად, საქმიანობაზე კონტროლი სათანადოდ არ განხორციელებულა, რაც შესაძლოა, იყოს კომპანიის საქმიანობაში არსებული დაგეგმვის ხარვეზების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.