აუდიტის სამსახური - სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორების რაოდენობა ექვსჯერ შემცირდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით მომუშავე ინსპექტორების რაოდენობა 6-ჯერ შემცირდა. სამსახურის ცნობით, თუ 2017 წელს 201 ინსპექტორი იყო დასაქმებული, 2018 წელს, რეფორმის ფარგლებში, მათი რაოდენობა 32-მდე შემცირდა.
ამასთან, თუ ადრე ინსპექტორები გადანაწილებულნი იყვნენ საქართველოს რეგიონებსა და თბილისის რაიონებში, 2018 წლის შემდეგ ისინი მხოლოდ თბილისში არიან. ინსპექტორების რაოდენობა იმ პირობებში შემცირდა, როცა შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა დაახლოებით 1.6-ჯერ გაიზარდა (სულ მცირე, 15 000 ობიექტამდე).
„იმ დაშვებით, რომ საშუალო სიდიდისა და სირთულის ობიექტის შემოწმებას ორი ინსპექტორი ერთ დღეს მოანდომებს და სამუშაო დღეებს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებას დაუთმობს, 32 ინსპექტორი წელიწადში დაახლოებით 4 ათას ობიექტს შეამოწმებს (ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების მესამედზე ნაკლებს)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიაზე ნეგატიურად მოქმედებს სამსახურის მაღალი რგოლის მენეჯმენტის ხშირი ცვლილება, რომელიც 2017-2018 წლებში 5-ჯერ განხორციელდა.
„მნიშვნელოვანი იყო განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიც − სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყოფა, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ცალკე სამსახურის ჩამოყალიბება და შემდგომ სააგენტოს ლიკვიდაცია. აუდიტის დამტკიცების პერიოდში კვლავ განხორციელდა ცვლილებები და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სამსახური კვლავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში აგრძელებს საქმიანობას. სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით 2017 წელს სამსახურის ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 4 პროცენტი, ანუ 2.7 მილიონი ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სახელწოდებით, „სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში“.