აუდიტის სამსახური ქობულეთის მერიის ა(ა)იპ-ებში გაბერილ შტატებზე მიუთითებს
აუდიტის სამსახური ქობულეთის მერიის ა(ა)იპ-ებში გაბერილ შტატებზე მიუთითებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. უწყების ცნობით, აუდიტის შედეგად რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, რაც მიანიშნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

აუდიტის სამსახური ასევე ქობულეთის მერიის ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა არაგონივრულად გაზრდილ რაოდენობაზე მიუთითებს.

„დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ, ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია მითითებული, ქობულეთის მერიას რეკომენდებულზე მეტი ავტომობილი ჰყავს. ამასთან, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები არასამსახურებრივი მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.

„სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსნილი იყო „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანაში, როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. შესაბამისად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.