აუდიტის სამსახური - ლენტეხის მუნიციპალიტეტში ​ხიდი რეაბილიტაციამ ​უფრო დააზიანა
აუდიტის სამსახური - ლენტეხის მუნიციპალიტეტში ​ხიდი რეაბილიტაციამ ​უფრო დააზიანა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხერიის ხიდის რეაბილიტაციაზე 64.2 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, ხიდი უფრო მეტად დაზიანდა, რაც სამუშაოს მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებს უკავშირდება.

ხელშეკრულება 2017 წელს შპს „ტუ-კასთან“ (TU-KA) გაფორმდა. უნდა გამაგრებულიყო ოთხი ბურჯი, სავალი ნაწილი კი ლითონის ფურცლებით მოწყობილიყო. სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის 6 იანვარი განისაზღვრა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ხიდის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ბურჯების გამაგრება. თუმცა, მიმწოდებელმა სამუშაოები ხიდის სავალი ნაწილის მოწყობით და ტრანშეის ამოღებით დაიწყო. 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიამ სავალი ნაწილი ლითონის ფურცლების ნაცვლად, კვლავ ხის ფიცრებით მოაწყო.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, სამუშაოები 2018 წლის მაისში გაგრძელდა. ამასთან, პროექტში ცვლილება შევიდა და ოთხის ნაცვლად, ერთი ბურჯის გამაგრება გადაწყდა.

ხერიის ხიდი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა 2018 წლის 13 სექტემბერს დაათვალიერა. შედეგად გამოვლინდა, რომ ხიდის მარცხენა ბურჯის ორი ბოძი დაზიანებულია, ერთი ნაწილი გაღუნულია, ხოლო მეორე ნაწილი ძირში გატეხილია. გარდა ამისა, დაზიანებულია ხიდის სავალ ნაწილზე არსებული ფიცარნაგი. აღნიშნულის გამო, ხიდი არ ფუნქციონირებს, რადგან საფრთხეს შეიცავს მასზე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.

ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის მხრიდან არ არის გატარებული რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებები“, – წერია აუდიტის ანგარიშში.