შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს, ვინც გვირჩევს, შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, ვუსურვებდი, მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს, ვინც გვირჩევს, შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, ვუსურვებდი, მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ

ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს, ვინც გვირჩევს, კონსტიტუციის დარღვევას შევეგუოთ, ვუსურვებდი, მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს კეთილისმსურველმა ურჩიოს, არის ის, რომ მან საჯაროდ აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა.

„მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის მეგობრული რჩევა, რომ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესი ხელს უწყობდეს პოლარიზაციას. პოლარიზაციას თუკი რამე ხელს უწყობს, ეს არის არა კანონის აღდგენა, არამედ – დარღვევა, არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სწორედ ევროპული ფასეულობა. მე ვთქვი კიდეც, რომ იმ ხალხს, მათ შორის ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს და პოლიტიკოსს, რომელიც გვირჩევს, რომ შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, მე ვუსურვებდი, რომ მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და მერე ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, პრეზიდენტის კეთილისმსურველმა მას ურჩიოს, რომ მან აღიაროს საჯაროდ კონსტიტუციის დარღვევა და ასევე თქვას, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. ეს იქნებოდა ღირსეული საქციელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.