აუდიტის სამსახური - გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში გაცემულმა დანამატმა 6 514 701 ლარი შეადგინა
2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურების სახით გაცემულმა თანხამ 30 718 469 ლარი შეადგინა, დანამატმა კი 6 514 701 ლარი.
ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები გაიცემოდა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა.
„სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 30 718 469 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 6 514 701 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 21%-ს შეადგენს. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.